logo
ENG



Wizz Air რეისების გაუქმებას ადასტურებს - უკავშირდება თუ არა ფრენების შეჩერება არჩევნებს 

13 აგვ 202020:07
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულასთან საუბარში ავიაკომპანია Wizz Air რეისების გაუქმებას ადასტურებს. დაბალბიუჯეტიან კომპანიას, რომელსაც სექტემბრიდან მიმოსვლა უნდა აღედგინა, ბილეთების გაყიდვა დაწყებული უკვე ჰქონდა, თუმცა დღეიდან მოულოდნელად რეისების გაურკვეველი ვადით გადადების შესახებ გახდა ცნობილი.

მიზეზები არ კონკრეტდება, განმარტებებს არც კომპანიაში აკეთებენ და არც მთავრობაში. ტურიზმის სფეროში მომუშავე ოპერატორებს კი აქვთ ინფორმაცია, რომ ავიამიმოსვლის გაჩერება ხელისუფლების გაუაზრებელი და არათანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია. პოლიტიკური ოპოზიციისთვის ეს ივანიშვილის მთავრობის კიდევ ერთი ხრიკია წინასაარჩევნოდ. 

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ფორმულას განუცხადეს, რომ Wizz Air მიერ ფრენების გაუქმების მიზეზებზე ვერაფერს იტყვიან, რადგან ავიაკომპანიებისთვის დამატებითი მითითებები არ გაუციათ და საერთაშორისო ფრენების შეზღუდვის თარიღად კვლავ 31 აგვისტო რჩება. სექტემბრიდან ავიაკომპანიებსაც და ტურიზმის სექტორის ბიზნეს ოპერატორებსაც მუშაობის განახლების გეგმა აქვთ, თუმცა დღეს გაირკვა, რომ ავია ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მოთამაშეს, კომპანია Wizz Air​-ს ამ გეგმის შეცვლაც უწევს.  

ტურიზმის სექტორის სპეციალისტების და ბიზნეს ოპერატორების ნაწილი პირდაპირ ამბობს, რომ პანდემიის პირობებში, ხელისუფლება საკუთარი ქმედებებით და უმოქმედობით ბიზნესს აფრთხობს. ამის მაგალითია სწორედ უმსხვილესი ავიაკომპანია Wizz Air​, რომელმაც ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოსთან დაკავშირებით გეგმები რადიკალურად შეცვალა. მთავარ პრობლემას მთავრობის არათანმიმდევრულ გადაწყვეტილებებში ხედავენ, რის გამოც რთულ პანდემიურ პირობებში, ავიაკომპანიები კიდევ უფრო მეტ გაურკვევლობაში აღმოჩნდნენ. 

საერთაშორისო ავია მიმოსვლის ანტი პანდემიურ პოლიტიკასთან დაკავშირებით მთავრობისგან ახსნა-განმარტებებს ელოდებიან ტურიზმზე დამოკიდებული დასაქმებულებიც. 

ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები კი დარწმუნებულები არიან, რომ საერთაშორისო ავიამიმოსვლის სტრატეგიას მთავრობა პირადი პოლიტიკური ინტერესის მიხედვით გეგმავს. 

ჯერჯერობით უცნობია როდის აღადგენს საქართველოში გაუქმებულ რეისებს კომპანია Wizz Air​. მუშაობას მხოლოდ რამდენიმე ავიაკომპანია აგრძელებს, მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის მიმართულებით, ჩარტერული რეისებით.

 


close დახურვა